შემოდგომა გავაცილეთ!!! წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში შემოდგომა მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. პირველად მესამე კლასმა უმასპინძლა წელიწადის ყველაზე ბარაქიან სეზონს. საშემოდგომო დეკორაციებით დატვირთული ავთენტური გარემო, ცეკვა, სიმღერა, ზღაპარი _ კეთილი დასასრულით, ყანწებით წარმოთქმული ტრადიციული სადღეგრძელოები (პედაგოგები: ხათუნა გულბიანი, თამილა ბურჭულაძე, მელის ნადირიძე)... შემოდგომამ მეორე კლასში განსხვავებული, სალონური ელფერი მოირგო. თვალხატულა, ენატკბილი გოგო-ბიჭების, მასწავლებლების, მშობლების ჩართულობით დაუვიწყარი საღამო გამოვიდა (პედაგოგები: მაია ჩოლაბარგია, თამილა ბურჭულაძე). მეოთხე კლასმა საკლასო ოთახი მოკაზმა. თავადვე შექმნეს საშემოდგომო დეკორაციები და თან საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოგვატარეს. (პედაგოგები: ირმა ქილიფთარი, ელენე გორგოშიძე, ელენე სარიშვილი).