საბუნებისმეტყველო

ვეწვიეთ ანასეულის სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტს

ჩვენი ეკოკლუბის წევრები აქტიურად ვართ ჩართულნი გარემოსდაცვით საგანმანათლებლო საქმიანობაში. ამჯერად ვეწვიეთ ანასეულის სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტს, რომელიც ამ დარგის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო ცენტრია. ადგილზე დეტალურად გავეცანით უნიკალური ქართული ჩაის, „კიმინის“ მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სპეციფიკას.
( „კიმინი“ ჩინეთიდან შემოტანილი ჩაის ჯიშია, რომელიც საქართველოში კარგი სამეურნეო თვისებებით, მოსავლიანობით და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამ ჯიშით არის გაშენებული ანასეული და ნარუჯის ჩაის პლანტაციების ერთი ნაწილი.
სპეციალისტების შეფასებით, ქართული №1, კიმინი, „კოლხიდა” და სხვა ქართული ჯიშის მცენარიდან მიღებული პროდუქცია, თავისი თვისებებით არ ჩამოუვარდება ინდოეთის და შრი ლანკის ჩაის. საუკეთესო ქართული ჩაი გამოირჩევა განსაკუთრებული ნაზი არომატით და სასიამოყნო საგემოვნო თვისებებით.)
აღსანიშნავია, ჩვენი თანამშრომლობა. ვსწავლობთ სხვადასხვა სუბტროპიკული კულტურის გაშენების მეთოდებს. გასულ წელს, პრაქტიკული სამუშაოების ფარგლებში, დავთესეთ „კიმინის“ თესლები. წელს კი, დიდი სიხარულით ვინახულეთ ჩვენი შრომის შედეგი, რომლებიც საკუთარ ნაკვეთებში გადასარგავად წამოვიღეთ. ეს გამოცდილება გვეხმარება აგროეკოლოგიური უნარების განვითარებასა და ბუნებისადმი პასუხისმგებლობის გააზრებაში.
 
 
 
 
 
 
 
 
 

ეკოკლუბის შეხვედრა მეტყევეებთან

ეკოკლუბის შეხვედრა მეტყევეებთან
11 დეკემბერს, ტყის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით გურიის სატყეო სამმართველოს მეტყევეები, ბექა ბაკურაძე და ლაშა ჩხარტიშვილი გვეწვივნენ. შეხვედრის მიზანი იყო ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და მშობლიური ბუნების დაცვა-დაფასება.სტუმრებმა მოსწავლეებს გურიის მდიდარი ფლორა და ფაუნა გააცნეს, განსაკუთრებული ყურადღება კი ბახმაროსა და ჩოხატაურის გამორჩეულ ტყეებს დაუთმეს.
შეხვედრაზე განიხილეს სატყეო მეურნეობის მნიშვნელოვანი საკითხები: სანიტარული ჭრის აუცილებლობა და ენერგოპროექტების ფარგლებში მოჭრილი მერქნის დახარისხება-რეალიზაციის პროცესი. მეტყევეებმა დიდი ემოციით ისაუბრეს საკუთარ პროფესიაზე, როგორც ბუნებაზე ზრუნვის კეთილშობილურ გზაზე. მათ მოუწოდეს ახალგაზრდებს, შეიყვარონ გარემო და დაფიქრდნენ ამ საპასუხისმგებლო პროფესიის არჩევაზე.
მოსწავლეები დაინტერესდნენ აღნიშნული პროფესიის პერსპექტივით, აგრეთვე, იმ სირთულეებით რაც ამ პროფესიას ახლავს თან. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოზარდებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასა და მშობლიური ბუნების დაფასებას.
 
 
 

„ბანანის აღმოჩენის დღე“

2025 წლის 15 დეკემბერს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებულმა მხიარულებამ მოიცვა. ეკოკლუბის წევრების ინიციატივით, მოსწავლეებმა ორიგინალურად აღნიშნეს „ბანანის აღმოჩენის დღე“. აქტივობა დილიდანვე კრეატიულად დაიწყო: ბავშვებმა სკოლის ეზოში ბანანებისგან სიმბოლური, გიგანტური ბანანის ფორმის ინსტალაცია შექმნეს, რამაც ყველას ყურადღება მიიპყრო.
ღონისძიების მთავარი ნაწილი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის მომზადებულ პრეზენტაციას დაეთმო. ეკოკლუბელების მიზანი იყო უმცროსი მეგობრებისთვის ბანანის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ინტერაქციის მიზნით, პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პატარებმა გაიგეს ბევრი საინტერესო ფაქტი ბანანის სამშობლოს, მისი გავრცელების არეალისა და იმპორტიორი ქვეყნების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბანანის კვებით ღირებულებასა და იმ გრძელ გზას, რომელსაც ეს ეგზოტიკური ხილი საქართველოში მოხვედრამდე გადის.
პრეზენტაციის დასასრულს, მიღებული ცოდნის შესამოწმებლად, მოეწყო მცირე ვიქტორინა. ბავშვები, რომლებმაც დასმულ შეკითხვებს სწორად უპასუხეს, სიმბოლურად ბანანებით დაჯილდოვდნენ. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების განვითარებას.
 
 
 
 
 
 
 

ტყეების საერთაშორისო დღე!

ტყეების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ეკოკლუბის წევრებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უჩვენეს ფილმი ,,ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“. ფილმი მოგვითხრობს ერთი მოხუცი მწყემსის, ელზეარ ბუფიეს შესახებ, რომელიც საფრანგეთის ალპების მიტოვებულ, უნაყოფო და ქარიან მხარეში ცხოვრობს. ის ჩუმად, ყოველდღე რგავს ასობით მუხის კაკალს. წლების განმავლობაში, მაშინაც კი, როცა მსოფლიო ომებშია ჩაბმული, ბუფიე აგრძელებს თავის საქმეს. საბოლოოდ, მისი დაუღალავი შრომით უსიცოცხლო უდაბნო აყვავებულ ტყედ და სიცოცხლით სავსე ოაზისად იქცევა. ფილმის ჩვენების მიზანი იყო მოსწავლეებში გაეღვივებინათ ბუნების სიყვარული . ეკოკლუბელებს სურდათ, რომ პატარებისთვის დაენახებინათ ტყის და თითოეული ხის მნიშვნელობა. ერთი ადამიანის თავდადებული შრომა და ღვაწლი, კეთილი და ღვთის სათნო საქმე, რომელიც მომავალ თაობებს გაუნათებს გზას. ფილმის ჩვენების შემდეგ ეკოკლუბის წევრებმა პატარებს მიართეს კითხვებით: როგორი სოფელი დახვდა კაცს?; რა შეიცვალა იქ, სადაც კაცი ხეებს რგავდა?; რატომ უნდა დავრგოთ ხეები?; თქვენ რომ კაცის ადგილას ყოფილიყავით როგორ მოიქცეოდით? გაიმართა დისკუსია.

 

 

ტყის დაცვის დღე!

ტყის დაცვის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა AI ინსტრუმენტის საშუალებით შექმნეს საინტერესო ვიდეო, სათაურით- ,,საქართველოს ტყეები“, რომელიც მოგვითხრობს ტყის განსაკუთრებულ ფასეულობაზე. რომ ტყე წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს.ვიდეოდან შეიტყობთ ტყის მრავალფუნქციური მნიშვნელობის შესახებ (წყალმარეგულირებელი, ნიადაგის დამცავი, კლიმატის მასტაბილიზებელი და სხვა); ასევე, ქვეყნის ტერიტორიის რამდენ % იკავებს ტყეები. ტყეებში გავრცელებულ ხეების სახეობების რაოდენობას, იშვიათ რელიქტურ და ენდემურ ჯიშებს. რა როლი უჭირავს ტყეებს ბუნებრივი სტიქიური მოვლენების ( მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა.) არიდების საქმეში. გაეცნობით ტყეში მცხოვრებ ცხოველთა ზოგიერთ სახეობას.
მოსწავლეებმა აღნიშნული ვიდეოს ჩვენება მოაწყვეს სკოლის ბიბლიოთეკაში სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის. ვიდეო განათავსეს სოციალურ ქსელში და ატვირთეს yiutube პორტალზე ( https://www.youtube.com/watch?v=alRy5Lcqy60)
რითაც საშუალება მიეცათ დაინტერესებულ პირებს გაცნობოდნენ.
 
 
 

Subcategories